აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანთან შეთანხმებასა და ისლამური რესპუბლიკის „განადგურებას“ შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტრამპის თქმით, მას წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ელოდება - ან ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს და ქვეყანას აღდგენის შესაძლებლობა მისცეს, ან სწრაფად გაანადგუროს ისლამური რესპუბლიკა, რათა მან სხვა სახელმწიფოებისთვის საფრთხის შექმნა ვეღარ შეძლოს.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. მივაღწევთ თუ არა ირანთან შეთანხმებას, რომელიც მას აღდგენისა და იმაზე გაცილებით ძლიერი ქვეყნის შექმნის შესაძლებლობას მისცემს, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუ გავანადგურებ ისლამურ რესპუბლიკას და ამას სწრაფად გავაკეთებ, რათა მას აღარასოდეს მივცეთ ხალხის მკვლელობისა და ქვეყნების განადგურების შესაძლებლობა“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ელოდება თეირანთან შეთანხმების მიღწევას ნოემბერში აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ.
ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ აშშ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, თეირანი „სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში“ მოაქციონ მანამდე, ვიდრე ირანი არ შეწყვეტს სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, უარს არ იტყვის ბირთვულ ამბიციებზე და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
მანამდე ირანმა განაცხადა, რომ მზად არის, შვიდი დღის განმავლობაში ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე, თუ აშშ სამხედრო ზეწოლას შეამცირებს და ირანის პორტების ბლოკადას გააუქმებს. ეს, თავის მხრივ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების პოტენციურ შესაძლებლობას ქმნის.