უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბერლინში დაგეგმილ შეხვედრებზე აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინულ მხარეს დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, მათ შორის იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ამჟამად ჩინეთში მიმდინარეობს.
„ამერიკელმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ბერლინში ჩვენს შეხვედრებზე მოგვაწვდიან აუცილებელ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის ჩინეთშიც“, - განაცხადა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდება. კიევი ასევე გეგმავს ევროპელ ლიდერებთან რუსეთის წინააღმდეგ მოლაპარაკებებში შემდგომი ნაბიჯების განხილვას.
ზელენსკის ინფორმაციით, ხუთშაბათს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაც გაიმართება. უკრაინა პარტნიორებთან ერთად მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე მუშაობს, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, რომლებმაც, პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიციები და დიპლომატიური შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.
„ჩვენ და ევროპელებს მკაფიო საერთო პოზიცია გვაქვს: უკრაინის საკითხები უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, ევროპის საკითხები კი - ევროპის მონაწილეობით. მხოლოდ ასე იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რომელიც ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) 33-ე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
მოგვიანებით ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავიდა. მისი თვითმფრინავი შენჟენში დაეშვა, სადაც მას სი ძინპინი პირადად დახვდა.
სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, შენჟენშია დაგეგმილი.