აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, რომელიც 22 სექტემბერს ნიუ იორკში გაიმართება, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი დაესწრებიან.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი ინფორმაციით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკის დროით 13:15 საათზეა დაგეგმილი.
„ჩემი წყაროების ინფორმაციით, ტრამპისა და ზელენსკის დღევანდელ შეხვედრას, თავად პრეზიდენტების გარდა, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ასევე სახელმწიფო მდივანი რუბიო და სახაზინო მდივანი ბესენტი დაესწრებიან“, - წერს რაუფოღლუ.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრაზე ის ომის დეესკალაციის საკითხზე წინადადებების განხილვას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრაზე ასევე ენერგეტიკული ზავის საკითხის დაყენებას აპირებს.
22 სექტემბერს ნიუ იორკში ჩასვლის შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპთან უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ობიექტებზე თავდასხმების მორატორიუმის დაწესების ინიციატივები განიხილა.