მთავრობა გაზსაცავის მშენებლობისთვის ინვესტორების მოძიებას იწყებს. მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა უკვე დასრულდა და მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად სათანადო დამფინანსებლებიც უნდა მოიძიოს.
"მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა დასრულებულია და, შესაბამისად, შესაძლებლობა გვაქვს, შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ. რაც არის მოზიდვა კომერციული პროექტების, ანუ ინვესტორების, რათა განვახორციელეოთ გაზსაცავის მშენებლობა. უპირველეს ყოვლისა, გაზსაცავის პროექტი უნდა გავხადოთ კომერციულად მოგებიანი და თავისთაად უკვე ამ გაზსაცავით შესაძლებელი იქნება სტრატეგიული გაზის შენახვაც", - აღნიშნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა პარლამენტში გამოსვლისას.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზის სტრატეგიული რეზერვის შექმნის, სეზონური მიღება-გაცემის დაბალანსებისა და გაზის ნაკადების ოპერატიული მართვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მიწისქვეშა გაზსაცავებია.
კორპორაციაში აცხადებენ, რომ აღსანიშნავია რომ კრიტიკული სიტუაციის მართვის სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების მიერ წიაღისეული ენერგეტიკული რესურსების ნორმალური მოხმარების 90-დღიანი მარაგის დარეზერვების ვალდებულებას. ამასთან არაა შეზღუდული რეზერვების შექმნის შესაძლებლობა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც.
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის წინასწარი ტექნიკური პროექტი საქართველოში პირველად 1992 წელს დამუშავდა გერმანული ფირმის UGS GmbH მიერ რუსულ "ვნიიგაზ"-თან და "სოიუზნეფტეოტდაჩა"-სთან ერთად. პროექტი ითვალისწინებდა სამგორის სამხრეთ გუმბათზე 505 მლნ. მ3 საერთო და 230 მლნ. მ3 აქტიური მიწისქვეშა მოცულობის გაზსაცავის მოწყობას, დღე-ღამური გაცემით 4.2 მ3 და ჯამური დანახარჯებით დაახლოებით 112 მლნ გერმანული მარკა. იმ პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა.
2002-2004 წლებში ამერიკული Washington Strategic Advisors LLC მიერ დამუშავებულ იქნა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება. პროექტის მიხედვით, საქართველოსათვის ოპტიმალურად ჩაითვალა 300-450 მლნ. მ3 მოცულობის გაზსაცავის მშენებლობა, რაც ავტორთა აზრით ოპერირების 25 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დაახლოებით 120 მლნ. აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფდა.
2003 წელს ევროსაბჭოს "ტასისის" პროექტის "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის რეაბილიტაცია და ტექნიკური მომსახურება" ფარგლებში დანიური კომპანია RAMBOLL-ის ხელმძღვანელობით შესრულდა სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად. პროექტის დამუშავებისას გამოიკვეთა შესაფერისი ორი გეოლოგიური რეგიონი: აღმოსავლეთ საქართველოს გამომუშავებული ან ნაწილობრივ გამომუშავებული ნავთობისა და გაზ კონდენსატის 6 საბადო (ნინოწმინდა, სამგორი, პატარძეული, სამგორის სამხრეთი თაღი, დასავლეთ რუსთავი და რუსთავი თბილისისპირა ნავთობგაზიან რეგიონში) და 2 ნავთობის საბადო შავი ზღვის სანაპიროზე (ჭალადიდი და შრომისუბანი ქ.ფოთის მახლობლად).
წინასწარი შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ყველაზე პერსპექტიული სტრუქტურა მიწისქვეშა გაზსაცავისათვის ნინოწმინდის ნაწილობრივ გამომუშავებული ნავთობ-გაზის საბადოა. მისი ეფექტურობა განპირობებულია სატრანზიტო და საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენებთან, აგრეთვე ძირითად მომხმარებელ რეგიონებთან სიახლოვით (თბილისი, რუსთავი და გარდაბანი მოიხმარენ ქვეყნის ჯამური მოთხოვნის 80 %-ზე მეტ გაზს), კოლექტორის შესაფერისი თვისებებით, გაზსაცავის შემდგომი განვითარების პერსპექტივით მეზობელი სამგორისა და პატარძეულის სტრუქტურების ხარჯზე.
ნინოწმინდის საბადოზე სამრეწველო ნავთობის მოპოვება 1979 წლიდან, ხოლო გაზის - 1983 წლიდან, ძირითადად შუა ეოცენის ვულკანოგენური ნალექებიდან წარმოებს და უკვე მოპოვებულია დაახლოებით 1.5 მლნ. ტ. ნავთობი და 200 მლნ. მ3-მდე გაზი. საბადო XIE ნავთობ-გაზ შემცველი სალიცენზიო ბლოკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ნინოწმინდის შუაეოცენური სტრუქტურის თაღზე, რომლის ყველაზე ამოწეული ნაწილი ზედაპირიდან -1350 მ-ზეა განლაგებული, ბუნებრივად არსებობს 300 მ სიმძლავრის გაზის ქუდი, დადასტურებული მარაგით დაახლოებით 400 მლნ. მ3, რომელიც შეასრულებს ბუფერული მოცულობის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რაოდენობის ინვესტიციების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ამჟამად მიმდინარეობს საბადოდან გაზის მოპოვება 20-22 მლნ. მ3/წ წარმადობით.
ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოებს დანიურ კომპანია "Ramboll Oil & Gas A/S" ჩაატარებს, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს ათასწლეულის ფონდმა 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. ხელშეკრულება 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა და სამუშაოები, 12 თვის განმავლობაში, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო სრულმასშტაბიან ტექნიკურ, გეოლოგიურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას მოიცავს.
ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, საერთო ბიუჯეტით 49,5 მილიონი აშშ დოლარი, მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის იმ დაზიანებული უბნების აღდგენას, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია 22 უბნის რეაბილიტაცია. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დახმარების გაწევას მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტებისა და კვლევების ჩატარებაში.