საფრანგეთში აუქციონზე თითქმის 450 ათას ევროდ გაიყიდა ეიფელის კოშკის ისტორიული ხვეული კიბის ნაწილი. ამის შესახებ აუქციონის სახლ Artcurial-ში განაცხადეს.
საუბარია დაახლოებით 2,7 მეტრის სიმაღლის სექციაზე, რომელიც 14 საფეხურს მოიცავს. აუქციონის დაწყებამდე მისი ღირებულება 120–150 ათას ევროდ იყო შეფასებული.
ლოტი ფრანგმა კოლექციონერმა შეიძინა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. მან ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა და არტეფაქტის მფლობელი გახდა.
1983 წელს ეიფელის კოშკზე ჩატარებული მოდერნიზაციის დროს მეორე და მესამე სართულებს შორის არსებული კიბე დაშალეს, რადგან იგი ვიზიტორებისთვის ზედმეტად საშიშად მიიჩნიეს და მისი ადგილი თანამედროვე ლიფტებმა დაიკავა.
შემდგომში ეს კონსტრუქცია 24 სხვადასხვა ზომის ნაწილად დაჭრეს. დღეს მისი ცალკეული ფრაგმენტები ინახება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თავისუფლების ქანდაკებასთან ნიუ იორკში, იაპონიის მუზეუმებსა და კერძო ბაღებში, ხოლო ერთ-ერთი ნაწილი მდებარეობს Disneyland-შიც.
კიბის სხვა ნაწილები მოხვდა ხელოვნების მსხვილ კერძო კოლექციებში.