აშშ-ის სენატორებმა ორივე პარტიიდან გააკრიტიკეს პენტაგონი უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის 600 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გაცემის შეფერხების გამო და პარასკევს ომის მდივან პიტ ჰეგსეთს წერილით მიმართეს თანხების დაუყოვნებლივ გამოყოფის მოთხოვნით. იუწყება Associated Press.
კონგრესსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის ბოლო კვირებში დაძაბულობა გაიზარდა, რადგან კანონმდებლები ითხოვენ განმარტებებს, თუ რა ბედი ეწია უკრაინისთვის განკუთვნილ 400 მილიონ დოლარს და დამატებით 200 მილიონ დოლარს, რომელიც ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის პროგრამებს უნდა მოხმარებოდა. აღნიშნული თანხები კონგრესმა გასულ წელს გამოყო.
ზოგმა რესპუბლიკელმა სენატორმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაცია უკრაინისა და სხვა ევროპელი მოკავშირეების მიმართ დისტანცირდება.
„უკრაინამ მტკიცედ და მამაცურად გაუძლო ოთხწლიან რუსულ შეჭრას, მაგრამ მის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება და იმსახურებს აშშ-ის შემდგომ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია დემოკრატ სენატორ დიკ დურბინისა და რესპუბლიკელი ჩაკ გრასლის ერთობლივ წერილში.
წერილს ასევე შეუერთდნენ რესპუბლიკელი სენატორები კევინ კრამერი და ტომ ტილისი, ასევე დემოკრატი მაიკლ ბენეტი და კეტრინ კორტეს მასტო.
კონგრესში გამართულ მოსმენაზე, რომელიც სამ კვირაზე მეტი ხნის წინ ჩატარდა, პიტ ჰეგსეთმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი დაფინანსება „გამოყოფილი“ იყო და ხარჯვის გეგმა მალე გადაეგზავნებოდა კონგრესს. თუმცა სენატორები აცხადებენ, რომ პენტაგონმა ვერ შეასრულა დაპირებული ვადა - 15 მაისისთვის გეგმა ვერ წარადგინა.
„ნებისმიერი დამატებითი დაგვიანება - განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტი რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას გეგმავს, რაც შეშფოთებას იწვევს, საფრთხეს უქმნის ჩვენს უნარს, სათანადოდ შევაკავოთ რუსეთი“, - განაცხადეს სენატორებმა.
წარმომადგენელთა პალატაში ასევე იზრდება დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პაკეტის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, ის კანონმდებლებს შორის უკრაინის მხარდაჭერის განახლებული დისკუსიის გაძლიერებას უწყობს ხელს.
Associated Press აღნიშნავს, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარი შედარებით მცირეა იმ მრავალმილიარდიან პაკეტებთან შედარებით, რომლებიც კონგრესმა რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში დაამტკიცა, თუმცა კანონმდებლებისთვის ის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, როგორც აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების ნიშანს.