უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად ძალთა ბალანსი დასტაბილურდება და ვაშინგტონი კიევს უფრო მეტად დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების პერიოდში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მკაფიოდ საუბრობდნენ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე.
„ჩვენთვის რას ნიშნავს აშშ-ში არჩევნების შედეგები? როგორც ცოცხალ ადამიანებს, ყოველთვის გვაქვს დიდი რწმენა და იმედი, რომ ნებისმიერი ცვლილება უფრო პოზიტიური იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი არჩევნების დროს, განსაკუთრებით კი აშშ-ში, გარკვეულ სიგნალებს ისმენ.
დემოკრატიული პარტიის გზავნილები იმაში მდგომარეობდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საშინაო საკითხებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ევროპაში მიმდინარე ომზე ყურადღების გამახვილება. ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ ორივე პარტიის მხარდაჭერა გვაქვს. ამისთვის მადლიერი ვარ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების. თუმცა, არჩევნების დროს დემოკრატები ძალიან მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და ჩვენი ქვეყნისთვის დახმარების გაწევაზე.
ჩემი აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკასა და ევროპას შორის ეს კავშირები გარკვეულწილად შესუსტდა. ეს ალიანსი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე პუტინის შეჩერება ძალიან რთულია.
ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ახლა ძალთა ისეთი ბალანსი ჩამოყალიბდება, რომ უფრო მეტ მხარდაჭერას მივიღებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ან იარაღის მიწოდებას დაიწყებს - იმ მასშტაბით, როგორსაც ამჟამად ევროპა უზრუნველყოფს - ეს უკრაინელებისთვის დადებითი სიგნალი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ასეთი მხარდაჭერა გავლენას მოახდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმორ პუტინზეც და მას დააფიქრებს, აქვს თუ არა აზრი ომის გაგრძელებას.
„ლოგიკურია, რომ ეს დააგვაახლოებს შესაძლო მოლაპარაკებებსა და შესაძლო მშვიდობასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.