უკრაინას გერმანიისგან Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების შეძენა სურს, რათა გაანადგუროს ის გამშვები დანადგარები, რომლებითაც რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინას ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვისთვის საჭირო რაკეტები ვერ მიაწოდა, კიევს მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩა - რუსეთის სარაკეტო გამშვები დანადგარების განადგურება.
„მათ შექმნეს მთელი გამშვები მოედნები და გვხოცავენ, ჩვენ კი თავის დაცვა არ შეგვიძლია. ეს არ არის სამოქალაქო ობიექტები, ინფრასტრუქტურა ან ენერგეტიკული ობიექტები. სწორედ ამიტომ გვინდოდა Taurus-ის რაკეტების შეძენა. არა მხოლოდ შეძენა, არამედ მათი გამოცდაც. ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ასეთი თანამშრომლობა მხოლოდ უკრაინისთვის არ იქნება სასარგებლო. უცხოელი შეიარაღების მწარმოებლებისთვის ეს შესაძლებლობაა, საკუთარი პროდუქცია რეალურ საბრძოლო პირობებში გამოსცადონ და საერთაშორისო ბაზარზე მისი პოპულარიზაცია მოახდინონ.
ზელენსკიმ მაგალითად გერმანული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მოიყვანა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მისი გამოყენების შემდეგ სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საჰაერო თავდაცვის საშუალებად იქცა.
„ჩვენ IRIS-T მსოფლიოში, Patriot-ის შემდეგ, ნომერ პირველ ბრენდად ვაქციეთ. ეს სისტემა ახლა 600 ათასიდან დაახლოებით მილიონ-ნახევრამდე ღირს. მათ ასევე აღმოფხვრეს ყველა პრობლემური საკითხი, რადგან მხოლოდ რეალურ ომშია შესაძლებელი თავდაცვის ამა თუ იმ სისტემის სუსტი მხარეების გამოვლენა და აღმოფხვრა. გერმანიას შეკვეთების რიგი 10-20 წლით აქვს. რაკეტის ღირებულება რამდენჯერმე, ათჯერ და მეტად გაიზარდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.