ქართული საზოგადოება არ უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იქნება ისეთი საჩუქარი რუსეთისთვის, რაც არ წარმოუდგენია არც ევროპას და არც რუსეთს, რომ ასეთ საჩუქარს გაუკეთებენ. ეს იქნება ჩვენი სრული იზოლაცია და ჩაკეტვა იმ სივრცეში, საიდანაც გამოვედით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით Facebook Live-ში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის არ ელოდება, რომ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გაუუქმებს.
“მე არ მგონია [საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს]. ჩემი გზავნილი ყველა ევროპულ ფორუმში და ყველა შეხვედრაზე არის ის, რომ არ შეიძლება, საქართველოს მოსახლეობა დაისაჯოს იმისთვის, რაც არ არის მისი გადაწყვეტილება და მისი პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და თუ მაინც და მაინც ვინმე უნდა დაისაჯოს, ეს „ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები არიან, რათა ვერ იარონ საშოპინგოდ ევროპაში თავისუფლად.
ქართული საზოგადოება არ უნდა დაისაჯოს პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იქნება ისეთი საჩუქარი რუსეთისთვის, როგორიც არ წარმოუდგენია არც ევროპას და არც რუსეთს, რომ ასეთ საჩუქარს გაუკეთებენ. ეს იქნება ჩვენი სრული იზოლაცია და ჩაკეტვა იმ სივრცეში, საიდანაც გამოვედით, ამიტომ ჩემი ბოლო ძალებით არ მივცემ არც ევროკავშირს და არც არავის უფლებას, რომ ასეთი პოზიცია დაიჭირონ, თითქოს ჩვენ ღირსი ვართ, ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ თუნდაც იმისთვის, რომ ეს რაღაც გზავნილი იყოს ამ ხელისუფლებისთვის.
ძალიან კარგად იციან, ეს ხელისუფლება სად და ვისთვის დგას, არ სჭირდება მას ახალი გზავნილები, ჩვენს მოსახლეობას კი ასეთი ტიპის დასჯა არ სჭირდება. მე არ მგონია, რომ ეს გველოდებოდეს და გვემუქრებოდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.