„მიეცით წამალი ბავშვებს“ - თბილისში, დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება.
მსვლელობაში, პაციენტების მშობლების გარდა, ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ვინც ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას უჭერს მხარს.
მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მიემართებიან.
მშობლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოისმინოს მოთხოვნა — დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის შესაბამისი მედიკამენტის ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ დიაგნოზის შემთხვევაში თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დღეს აქციის მონაწილეები ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობასაც შეხვდნენ თავისუფლების მოედანზე და სასულიერო პირებს მხარდაჭერისა და დალოცვის თხოვნით მიმართეს.
დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ, მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით.