საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია ანულირებულია. გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული მასალა და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნა პრაქტიკულად აბათილებს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც 1994-2004 წლებში პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთ ვერსიად განიხილებოდა.
"ქალაქ როსტოვში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავის ქალის სარქველი არის დეფორმირებული და თავის ქალის ფუძე ისეა დაშლილი, რომ მისი აწყობა ვერ მოხერხდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ყოველივე აღნიშნული, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს რაიმე ზემოქმედების შედეგად", - ნათქვამია გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.
მასში განმარტებულია, რომ "მოცემულ დაზიანებაზე არ იგულისხმება იმ ტყვიის ზემოქმედება, რომლის მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული არხიც დაფიქსირებულია მიცვალებულის თავის ქალაზე".
"მოცემული დაზიანება თავის უკანა ნაწილს მოიცავს, სადაც, დასკვნის თანახმად, ტყვიის არც შემავალი, არც გამომავალი ხვრელი არ ფიქსირდება. საწოლის საზურგეზე არსებული დაზიანება გაურკვეველი წარმომავლობისაა, რადგან არ ჩატარებულა მეტალიზაციაზე შემოწმება. თუ დავუშვებთ, ზოგიერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე იმ მოსაზრებას, რომ დაზიანება საწოლის დაფაზე წარმოქმნილია თავის ქალიდან გასროლის შემდეგ გამომავალი ტყვიის მიერ, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, გვამის მდებარეობისა და ტყვიის მიმართულებასთან დაკავშირებით. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უნდა წოლილიყო საწოლის ნაპირზე მოუხერხებელ მდგომარეობაში, რა დროსაც გასროლის წარმოება მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან თვითმკვლელობის შემთხვევაში შეუძლებელია", - აღნიშნულია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ 363-გვერდიანი დოკუმენტი კომისიის მიერ გამოძიების პროცესში დაკითხულ პირთა ჩვენებებსა და გვამის ექსპერტიზის დასკვნასაც მოიცავს.