"ცოცხალი ზვიად გამსახურდია მე არ მჭირდება", - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას მტკიცებით, ასე უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ იგორ გიორგაძეს, რომელმაც სახელმწიფოს მაშინდელ მეთაურს გამსახურდიას დაპატიმრების პირობა მისცა.
"უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძის თქმით, სადაც იგი ღიად ამბობს, რომ ჩემი რაზმი კვალდაკვალ მისდევდა ზვიად გამსახურდიასო, პრეზიდენტის გარემოცვიდან ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. გიორგაძემ როდესაც შესთავაზა სახელმწიფო მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს, შემიძლია დავაპატიმრო გამსახურდია და მეორე დღესვე მოგგვაროო, შევარდნაძის პასუხი იყო ასეთი, ცოცხალი ზვიად გამსახურდია მე არ მჭირდებაო. გიორგაძის თქმით მან ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მისი გვერდის ავლით ანალოგიური დავალება მიიღო მისმა პირველმა მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა", - აცხადებს სიგუა ჩვენებაში, რომელიც მას გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენმა კომისიამ 2010 წლის 25 თებერვალს ჩამოართვა.
სიგუა ღიად აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოკლულია და აღნიშნულის დამადასტურებელ გარემოებებზე საუბრობს.
"ოფიციალური ვერსია, რომ პრეზიდენტმა "სტეჩკინის" სისტემის პისტოლეტით მოიკლა თავი, სინამდვილეს არ შეესაბამება. "სტეჩკინის" სისტემის იარაღი იწონის კილოგრამზე მეტს და აქედან გამომდინარე, გასროლის შემდეგ იარაღი იატაკზე უნდა ეგდოს, ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს. ამ დროს გაკეთებულია ინსცენირება, რომ გასროლის შემდეგ პრეზიდენტს იარაღი ხელში უკავია და მუცელზე უდევს. დაცვის უფროსი იმდენად განსწავლული უნდა იყოს, რომ თვითმკვლელობის იარაღი არ გააპრიალოს. ამ პროცედურის შემდეგ წაშლილია ანაბეჭდების კვალი. გამსახურდიას იარაღი ბოლომდეა გაპრიალებული, პრეზიდენტი გაპატიოსნებულია, მისი სამოსი გარეცხილი და გაპრიალებულია, ყველაფერია გაკეთებული კვალის დაფარვის მიზნით", - განმარტავს ქვეყნის ყოფილი პრემიერი.
მისი განცხადებით, უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ღიად ამბობს, რომ მისი რაზმი კვალდაკვალ მისდევდა ზვიად გამსახურდიას, პრეზიდენტის გარემოცვისგან ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
"გიორგაძემ როდესაც შესთავაზა სახელმწიფო მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს, შემიძლია დავაპატიმრო გამსახურდია და მეორე დღესვე მოგგვაროო, შევარდნაძის პასუხი იყო ასეთი: ცოცხალი ზვიად გამსახურდია მე არ მჭირდებაო. გიორგაძის თქმით, მან ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მისი გვერდის ავლით ანალოგიური დავალება მიიღო მისმა პირველმა მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა", - აცხადებს სიგუა.
შეგახსენებთ, რომ სიგუას აღნიშნული ჩვენება სრულადაა მოცემული კომისიის დასკვნაში, რომელიც საჯარო უკვე ოფიციალურად გახდა.