შს სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 17 თებერვალს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და თაღლითობაში დახმარების გაწევის ბრალდებით დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი: 1967წ.დ. როსტომ ურიადმყოფელი, 1964წ.დ. გოჩა კაკაურიძე, 1992წ.დ. გივი გაბრიჩიძე, 1980წ.დ. ალექსანდრე შავერდაშვილი, 1974წ.დ. არტურ ზახარიანი და 1971წ.დ. გარი სარქისიანი. აღნიშნული პირები, ავტომანქანების დილერების დაკვეთით, საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომანქანებზე, კომპიუტერული ჩარევის გზით, ცვლიდნენ ავტომანქანების გავლილი საერთო მანძილის მაჩვენებლის (გარბენის) მონაცემებს.
ასევე, ამავე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ავტომანქანების დილერები: 1979წ.დ. გოგიტა მღებრიშვილი, 1975 წ.დ. ლევან ახვლედიანი, 1968 წ.დ. კობა მექვაბიძე, 1968წ. დ. ამბროსი გაგუა, 1961წ.დ. გელა დემეტრაშვილი, 1976წ. დ. გიორგი ტატიშვილი და 1981წ.დ. ზურაბ ორჯონიკიძე, რომლებიც მათ მიერ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომანქანებზე, ზემოთხსენებული ხელოსნების მეშვეობით, ავტომობილის გარბენის მონაცემების ჩამოყრის გზით, მოტყუებით ზრდიდნენ მანქანის თვითღირებულებას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მყიდველებს.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიების მიერ ამოღებულია სპეციალური ხელსაწყოები, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული პირები ცვლიდნენ ა/მაქანების გავლილი საერთო მანძილის მაჩვენებლის მონაცემებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 180-ე მუხლით.