უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 14 ივნისის ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა რუსეთის იაროსლავის ოლქში მდებარე ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტზე იერიში მიიტანეს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
ზელენსკის თქმით, დარტყმები განხორციელდა ასევე რუსეთის ტულის ოლქში მდებარე „აზოტის“ საწარმოზე, რომლის საქმიანობაც, მისი განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებას უკავშირდება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში დროებით შეიზღუდა ავიამიმოსვლა ექვს აეროპორტში, ხოლო ქვეყნის 28 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
„უკრაინა ასრულებს შორი მოქმედების სანქციების გეგმას რუსეთის წინააღმდეგ და ახორციელებს ე.წ. მიდლ-სტრაიკებს რუსეთის ომის გაგრძელებისა და ესკალაციის პასუხად. ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ ყველა შესაძლო მოლაპარაკების ფორმატი, თუმცა პასუხი იყო მხოლოდ აგრესიის გაგრძელება. ლოგიკურია, რომ ომი ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო. უკრაინას სჭირდება მშვიდობა. დიდება უკრაინას“, აღნიშნა ზელენსკიმ.