უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაგროვილი გამოცდილების გარეშე ევროპას უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება „უკიდურესად გაუჭირდება“.
მისი თქმით, არაერთი ევროპელი ლიდერი აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ უკრაინას სჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება უკრაინა.
„რუსეთის გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ევროპის სიახლოვეს სამხედრო ბაზებს აშენებს ისეთ ადგილებშიც კი, სადაც საბჭოთა პერიოდში სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, აშკარაა, რომ უკრაინის, ჩვენი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გარეშე ევროპას შეიძლება უკიდურესად გაუჭირდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები არც ერთ და არც ხუთ წელზე გათვლილი გამოწვევა არ არის. მისი თქმით, მოსკოვმა აირჩია გრძელვადიანი ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსი და სწორედ ამ სტრატეგიას მიჰყვება.
ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა იმ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთთან დაახლოებას ცდილობენ.
„მოსკოვიდან სხვა არაფერი ისმის. ისინი მხოლოდ ცდილობენ სხვადასხვა პოლიტიკოსის გადაბირებას გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ. არა მშვიდობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ საკუთარი ქვეყნების და ევროპის საერთო ინტერესები რუსეთს დაუთმონ. საბოლოოდ ისინი მარცხდებიან, როგორც ორბანი, თუმცა ბევრს მაინც სურს პუტინის გარემოცვასთან მეგობრობა და თვალს ხუჭავენ რეალურ ვითარებაზე“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებული ან გაწევრიანების მსურველი ევროპული ქვეყნების შორის სწორედ უკრაინა სწირავს ყველაზე მეტს ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის.
„ჩვენ მხოლოდ შიდა რეფორმებს არ ვატარებთ და მხოლოდ გარდაქმნის პროცესს არ გავდივართ - ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი უფლებისთვის, თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა და ვიყოთ ევროპის ნაწილი. ეს უფლება კი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი რეგიონის ყველა ხალხს ეკუთვნის.
ჩვენ ვიბრძვით როგორც ჩვენი, ისე მათი თავისუფლებისთვის; ვიბრძვით ევროპისთვის - როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მათთვის. ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, უნგრეთისთვის, სლოვაკეთისთვის, რუმინეთისთვის, მოლდოვისთვის და კავკასიის ხალხებისთვის. სწორედ ამიტომ ევროპის ბედი ახლა აქ, უკრაინაში წყდება - ამ ომში და იმაში, თუ როგორ დასრულდება ის. ასევე იმაში, დარჩება თუ არა რუსეთს ამ ომის შემდეგ ძალა და სურვილი, ხელყოს უკრაინისა და ევროპის სხვა მეზობელი ქვეყნების მშვიდობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მომავალი კვირის დიპლომატიურ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ „ორშაბათიდან ძალიან აქტიური პერიოდი იწყება“.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ექვსი კლასტერის გასახსნელად.
„იმედი გვაქვს, რომ ამ ზაფხულს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უფრო მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ჩვენი მხრიდან არანაირი გაჭიანურება არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც სრულად გააცნობიერონ ამ პროცესის მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.