როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება და თანაც საქართველოს უბედურება ისაა, რომ მთავრობიდან მთავრობას გადაეცემა ეს ბანდები, რადგან ყოველი მთავრობაც ერთმანეთისგანაა ამოზრდილი, - ამის შესხებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოვიალურ ქსელში წერს.
როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, ძალადობა ყველგან ხდება, მაგრამ ჯანსაღი საზოგადოება ის არის, სადაც ძალადობა არ ნორმალიზდება, არ მართლდება და არ რჩება დაუსჯელი.
"როდესაც ვხედავთ, როგორ სცემენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები დაკავებულ ადამიანს, საქმე რამდენიმე ცუდ ადამიანთან არ გვაქვს.
ზიმბარდოს ცნობილი "სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი“ აჩვენებს, რომ ერთდროულად მიცემული ძალაუფლება და დაუსჯელობის განცდა ადამიანებში ხშირად აღვიძებს არა მისთვის მიბარებული ადამიანის დაცვის, არამედ ძალადობის ტენდენციას.
ამის არტისტული მაგალითი იყო მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსიც "Rhythm 0“, სადაც მაყურებლებს სრული თავისუფლება მიეცათ, ექნათ ყველაფერი, რაც მოეპრიანებოდათ მათ წინაშე მდგარი არტისტისთვის. ექსპერიმენტი თანდათან ზრუნვიდან უკიდურეს აგრესიაში გადაიზარდა.
ადამიანის ბუნებაში არსებობს როგორც თანაგრძნობის, ისე ძალადობის პოტენციალი. რომელს გააძლიერებს საზოგადოება, დამოკიდებულია ზოგად ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე, ყოფითი ქცევის ზოგად კულტურაზე, ანგარიშვალდებულებაზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სისტემა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება და თანაც საქართველოს უბედურება ისაა, რომ მთავრობიდან მთავრობას გადაეცემა ეს ბანდები, რადგან ყოველი მთავრობაც ერთმანეთისგანაა ამოზრდილი.
ძალადობა ყველგან ხდება, მაგრამ ჯანსაღი საზოგადოება ის არის, სადაც ძალადობა არ ნორმალიზდება, არ მართლდება და არ რჩება დაუსჯელი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.