აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა. ინიციატივა ძირითადად ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციასა და პენტაგონის ხელმძღვანელის საქმიანობას უკავშირდება.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
მასიმ შესაბამისი რეზოლუცია კონგრესის მუშაობის განახლებისთანავე, ორშაბათს წარადგინა. მისი ინიციატივა ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის გამართვას მოითხოვს.
მოსალოდნელია, რომ საკითხზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მანამდე მასიმ იმპიჩმენტის რვა მუხლი მოამზადა.
მასი ჰეგსეთს, მათ შორის, კონგრესის თანხმობის გარეშე სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში, ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მოთხოვნების უგულებელყოფასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
იმპიჩმენტის მუხლები ასევე ეხება აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს იემენსა და ვენესუელაში, კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში.
კონგრესმენის განცხადებით, ჰეგსეთმა „მიზანმიმართულად შეასრულა და განახორციელა უკანონო ბრძანებები“ და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თავად თავდაცვის მდივანი ბრალდებებს უარყოფს.
ინიციატივას მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტს მხარს უჭერს.
თუმცა, იმპიჩმენტის მუხლების წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ჰეგსეთის თანამდებობიდან გადასაყენებლად სენატის ხმების ორი მესამედია საჭირო