საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქართველოს ჩინეთისთვის, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში.
პაპუაშვილის თქმით, ევრობიუროკრატია არ იმჩნევს საქართველოს როლს შუა დერეფანში და ბრიუსელი არ სცემს პატივს ქართველ ხალხს.
„ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ, პოლიტიკურ სიმბოლოსთან ერთად, ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და თანამშრომლობაზე, ასევე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი – პატივს სცემს. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც ქართველ ხალხს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოითხოვა, გაამხილოს, ვის და რატომ აფინანსებს საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.