რუსულ პროპაგანდას რა მიზნები აქვს, არ ვიცი, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აქციების მონაწილეებს 120 ევროს გადაუხდიან.
„აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებია, მარტივი ტყუილებია. არ ვფიქრობ, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. თქვენს უფრო ფართო შეკითხვას ვუპსუხებ, რაც რუსეთის ჰიბრიდულ ომს ეხება. როგორც ყველამ ვიცით, ბოლო სამი წელია, რუსეთი ძალიან დაკავებულია უკრაინის სასტიკი განადგურებით, ქალაქების დაბომბვით და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ეწევა ჰიბრიდულ ქმედებებს ყველგან – ცენტრალურ აფრიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვაში, საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს ქვეყნებშიც. არ ვიცი, რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგანდას, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ მე შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო დაზვერვამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ევროკავშირის წარმომადგენლობას თბილისში გამოეყო მნიშვნელოვანი რესურსები დემონსტრაციების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის. დაგეგმილიაანტისამთავრობო აქციების თითოეულ მონაწილეს დღიურად 120 ევრომდე ანაზღაურების გადახდა“.