ორ საათზე ნაკლებ დროში, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობას დღეს მეორე ვადით გადაიბარებს.
ვაშინგტონში ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელსაც ინტერნეტითა და ტელეეთერით მილიონობით ამერიკელი და უცხოელი მიადევნებს თვალს. შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების გადაცემის დროდ შუადღის 12 საათია ჩანიშნული.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს, დონალდ ტრამპი 100-ზე მეტ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერს ხელს.
როგორც იუწყებიან, დონალდ ტრამპი გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-მექსიკის საზღვარზე და განაახლებს კედლის მშენებლობას.
ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციაას და დასძენს, რომ პრეზიდენტი საზღვარზე დამატებით ამეიკულ ძალებს განათავსებს.
მისივე ინფორმაციით, ტრამპი გეგმავს, რომ კრიმინალური კარტელები საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანოს.
Fox News-ის ინფორმაციით, დაახლოებით 11 განკარგულება იქნება საზღვრის უსაფრთხოებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი განკარგულებით, ტრამპი უბრძანებს ფედერალურ მთავრობას, დაუყოვნებლივ განაახლონ სასაზღვრო კედლის მშენებლობა, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობისას დაიწყო.
წინასაარჩევნო კამპანიისას, ტრამპი პირობას დებდა, რომ ააშენებდა „ დიდ და მშვენიერ კედელს“ აშშ-მექსიკის საზღვარზე, რომლის საფასურსაც მექსიკა გადაიხდიდა.
ჯამში, აშშ-ის მთავრობამ დახარჯა 15 მილიარდი დოლარი 80 მილის სიგრძის ახალი კედლის აშენებისა და 340 მილზე უკვე არსებული ბარიერებისა და სტრუქტურების განახლებისთვის. სულ მექსიკა-ამერიკის საზღვარი 1951 მილის სიგრძისაა.