აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვევის აუცილებლობა რუსულ მხარესთან კონტაქტების შენარჩუნების საჭიროებით ახსნა. ამის შესახებ BBC წერს.
„როგორ შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა, თუ მოლაპარაკებებს არ აწარმოებთ როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან? როგორ უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან და უკრაინასთან, თუ მათთან ურთიერთობა არ გაქვთ? ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უბრალოდ კიდევ ერთი შესაძლებლობაა რუსულ სახელმწიფო სისტემასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად“,- განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მიიჩნევს, რომ ვინმესთან შეხვედრა ან საუბარი ამ ადამიანის ყველა ქმედების ან შეხედულების მხარდაჭერას ნიშნავს.
რუბიოს განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასწრების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და რუსეთის მხარეს მონაწილეობა ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
„თუ შევძლებთ, ამ კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლი შევასრულოთ, აშშ მზად არის, ეს პასუხისმგებლობა აიღოს. ამისთვის კი ორივე მხარესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს.
უკრაინელებთან ბევრი გვილაპარაკია. იცით, მათ იმდენივე, თუ არა უფრო მეტი, ვესაუბრეთ, ვიდრე რუსულ მხარეს. თუმცა რუსულ მხარესთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს. ამის ერთ-ერთი გზაა მათი წარმომადგენლების ისეთ ფორუმებზე მიწვევა, როგორიც ეს შეხვედრაა“, - განაცხადა რუბიომ.