სირიის ფინანსთა სამინისტრომ აკრძალა საქონლის იმპორტი რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან. ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი გამოცემა Al Araby. აღნიშნული ღონისძიება ასევე ითვალისწინებს აღმოჩენილი სამი ქვეყნის პროდუქციის კონსფისკაციას.
"ეკონომიკის მხარდასაჭერად, ახალმა მთავრობამ დოლარში ტრანზაქციის ნებართვა გასცა და დაამტკიცა ერთიანი საბაჟო გადასახადების ახალი ნაკრები 50%-დან 60%-მდე შემცირებით", - იტყობინება Al Araby.
როგორც იუწყებიან, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან, იმპორტის ნაკადს სირიაში. უკვე დედაქალაქ დამასკოს მაღაზიები ივსება იმპორტირებული საქონლით, თურქული ჩამოსხმული წყლით დაწყებული და საუდის საკვები პროდუქტებით, დასავლური შოკოლადებით, როგორიცაა Twix-ი და Snickers-ი, ასევე სასმელებით, როგორიცაა Pepsi და სხვა საერთაშორისო ბრენდებით დამთავრებული.
სირიის ახალი ხელისუფლების დადგენილება ასევე ხელს შეუწყობს ნედლეულის იმპორტს ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად და მრეწველობის სტიმულირებას. როგორცThe Moscow Times-ი აღნიშნავს, სირიაში მრავალი წელია მოქმედებს ემბარგო ისრაელის საქონლის იმპორტზე და აკონკრეტებს, რომ სირიის გარდამავალი მთავრობის ახალი გადაწყვეტილება მოჰყვა განკარგულებას, რომელიც ირანისა და ისრაელის მოქალაქეებს უკრძალავს სირიაში შესვლას. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ზომა ჯერ არ ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზე.
ამასთან, Reuters-ის თანახმად, თავის მხრივ, რუსეთმა შეაჩერა ხორბლის მიწოდება სირიისთვის "ახალ მთავრობასთან დაკავშირებით გაურკვევლობისა და გადახდების შეფერხების გამო".
სირიის ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აძლევს რუსეთს უფლებას, გაიტანოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა ტარტუსის პორტიდან, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების ერთადერთი უცხოური ბაზაა განთავსებული, აქ რუსული გემები იძულებული არიან იდრეიფონ.