საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ვიზიტით ამერიკაში იმყოფება, Fox News-სთან ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან და მომავალ სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსთან შეხვედრებზე. ინტერვიუს თარგმანი სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ზურაბიშვილი ტრამპს შეხვდა საფრანგეთში, სადაც ემანუელ მაკრონის მიწვევით ჩავიდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უთხრა მას და რა პასუხი მიიღო, მეხუთე პრეზიდენტი პასუხობს:
„მე ზუსტად ეს ვუთხარი – რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისში გადაიზრდება. უკვე 53 დღეა, ქუჩაში მყოფი ხალხი აპროტესტებს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც მანდატი არ აქვს და რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს, საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს. ამერიკის მხარდაჭერა სწორედ აქ გვჭირდება. მაშინ პრეზიდენტად არჩეულმა და ხვალიდან უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა, მითხრა, რომ ის საქართველოში ნამყოფია, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ძალიან აფასებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება და როცა საქართველო თქვენი, ამერიკელების, ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“.
ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ასევე ჰკითხა რის თქმა სურჩევდა ტრამს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას:
„ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორს კავკასიისგან, რადგან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესის სფეროა. ეს რეგიონი რუსეთის მმართველობის ქვეშ ვეღარ მოექცევა. კავკასიას დამოუკიდებლად არსებობის უფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო – ადგილი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია ხვდებოდა ერთმანეთს. ამ ადგილას ევროპული ფასეულობები ყოველთვის ცენტრალური იყო, საქართველო კი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და რომელსაც სურს, რომ იმფასეულობების მქონე საზოგადოების ნაწილი იყოს, რომელსაც ევროპა და აშშ წარმოადგენენ. ასე რომ, ხელები შორს საქართველოსგან“.
ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ „ამერიკა არ იქნება დაკავშირებული იმ რეჟიმებთან, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ“. რუბიოსთან შეხვედრაზე, მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა:
„მოკლე შეხვდრა მქონდა მარკო რუბიოსთან, მომავალ სახელმწიფო მდივანთან, რაც ჯერ დადასტურებული არაა. ჩემი მიზანი იყო, რომ იმ რამდენიმე დღეში, რასაც ვაშინგტონში გავატარებ, მასთან სრულფასოვანი შეხვედრის შესაძლებლობა მქონოდა. მასაც და აშშ-ის ელჩს გაეროში, რომელსაც ასევე შევხვდი, ვუთხარი, რომ ვიმედოვნებ, საქართველო მათთვის არა პრობლემა, არამედ გამოსავალი იქნება“.