სამი ოპოზიციური გაერთიანების: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს ლიდერები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდნენ.
"საუბარი იყო იმაზე, არჩევნების შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა. მათ შორის, დეფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რა ზომებს მიმართავს. ასევე, ვილაპარაკეთ წამების ფაქტებზე. იმაზეც ვისაუბრეთ, თუ რამდენად უმოქმედოა პოლიცია - კადრები არსებობს, სადაც ჩანს, რომ დაორგანიზებული ტიტუშკები ადამიანს ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიცია კი სრულიად უმოქმედოა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმასაც, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოვლენები როგორც განვითარდა, არცერთი არც პოლიციელი და არც ტიტუშკა დასჯილი არაა.
მოვახსენეთ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ის ხალხი, რომელიც ყოველდღე ქუჩაში გამოდის, არ გაიმარჯვებს. ავუხსენით, რომ გამოსავალი მხოლოდ 2 პუნქტია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი წესებითა და ახალი ადმინისტრაციით ხელახალი არჩევნების ჩატარება". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
კომენტარი გააკეთა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმაც.
"იმაზე გვქონდა საუბარი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი რატომაა, რომ ახალი არჩევნები სწრაფად დაინიშნოს და როგორი ხედვაა ამ არჩევნებთან დაკავშირებით [...] მათ ყოვლისმომცველი ინფორმაცია აქვთ [...] დარწმუნებული ვარ, მათ ანგარიშში ის რეალობა აისახება, რაც დღეს ქვეყანაში შექმნილია". - განაცხადა სამადაშვილმა.
მოგვიანებით, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავენ პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებიც.
დღესვე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები გლდანის ციხეში რეჟიმის პატიმრებს, ანდრო ჭიჭინაძესა და ზვიად ცეცხლაძესაც მოინახულებენ.