რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "აშშ-ში სიღარიბე ფართოდ არს გავრცელებული და ქვეყანას ბევრი სხვა პრობლემა აქვს".
"რასაც ვხედავთ და რაც ვნახეთ მრავალი სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების დროს, მაგალითად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც სან ფრანცისკოში გაიმართა, შეერთებულ შტატებს მრავალი პრობლემა აქვს, თუ მთავარი გზებიდან გადაუხვევ, ყოველ ნაბიჯზე სიღარიბეს წააწყდები", - თქვა მან.
ლავროვის თქმით, აშშ თითქოს ცდილობს, მოიშოროს კონკურენტები ყველა სფეროში.
"ისინი მოლიპულ ფერდობზე სრიალებენ და ცდილობენ კონკურენტებს ყველგან გზა გადაუკეტონ", - დასძინა მან.
ლავროვის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედების საფუძვლად სანქციების პოლიტიკა აირჩია.
"თუ პრეზიდენტი ტრამპი, თანამდებობის დაკავებისთანავე, ამერიკას კიდევ უფრო დიადს გახდის, ჩვენ ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, როგორ იქნება ეს მიზანი მიღწეული", - თქვა მან.
ლავროვს ავიწყდება, რომ რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. "როსსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის 13.5 მლნ მოქალაქე (მოსახლეობის 9.35%) სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
Superjob-ის კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სიღარიბის "ხაზი" თვეში 43 ათას რუბლზე უნდა გადიოდეს. დიდ ქალაქებში მცხოვრები რუსები ფიქრობენ, რომ იმისათვის, რომ არ იყვნენ "ღარიბები", თვეში 45 ათას რუბლზე მაღალი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ. თუ საზომად ამ თანხას გამოვიყენებთ, გამოდის, რომ რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს.