დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც მოუწოდებს ივანიშვილს გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე მოწოდება იქნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ისევე როგორც არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები არაერთ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერს შეხვდნენ.
„ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი ევროპარლამენტში. დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც მოუწოდებს ივანიშვილს გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე მოწოდება იქნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ისევე როგორც არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ყველა ეროვნულ დელეგაციას, რომ არ ცნონ „რუსული ოცნების“ წევრების უფლებამოსილება არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმი, სადაც შევხვდით ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ისევე როგორც არაერთ ევროკომისარს და ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის ევროპული სათქმელი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.“ = განაცხადა თინა ბოკუჩავამ.