მამუკა მდინარაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომარცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"სხვათაშორის, იმ მსახიობებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც კიდევ გულწრფელად სჯერათ კიდევ ამ პროტესტის, მოიკითხონ, მოთავეები ვინც არიან ამ პროტესტის, რატომ არ უმხელენ - მაგალითად თავიანთ კოლეგებს, რომ ტრენინგებს გადიან ერთი წელია.
რატომ უმალავენ ერთმანეთს, ანუ ვიღაცას გულწრფელად იყოლიებენ, ვიღაცა დატრენინგებულია მაგრად და მერე საკუთარ კოლეგებს წირავენ.
რომ გამოდიან [მსახიობები] და იძახიან, ულტიმატუმს ვუყენებთ ხელისუფლებას, ოცამდე თუ არ გაათავისუფლებთ, მერე ჩვენ ვიცითო. ახლა ამ ულტიმატუმით თავის კოლეგას წირავენ პატიმრობისთვის, იმიტომ, რომ არცერთი ხელისუფლება, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს რომ მოიხსნება, მერე შეიძლება მხოლოდ ფიქრი ჰუმანურ გადაწყვეტილებაზე, აპრიორი ვიღაც რომ გამოდის და იძახის, თუ ასე არ... თითის ქნევით, მხოლოდ თვითონ წირავენ, ის კი არ აინტერესებთ, მათი ბედი, უფრო მუხტის აწევა აინტერესებთ.
რეალურად, გაითავისოს ოჯახმაც, მეგობარმაც თუ ახლობელმაც, ვინც გულწრფელად გულსემატკივრობს ვიღაცას, რომ ულტიმატუმს თუ აყენებ, შენ წირავ პატიმრობისთვის, ოღონდ აქეთ მუხტი აიწიოს და ასეთი რაღაცები უნდა გაითვალისწინოს ბევრმა, და ტრენინგებზე ნასწავლი რაღაც თეზებით ნუ გველაპარაკებიან" - თქვა მდინარაძემ.
11 იანვარს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების 20 იანვრამდე გათავისუფლება მოითხოვა. განცხადება ახალი თეატრის დასმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 10 იანვარს მოსამართლემ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვა.
"აქამდე ჩვენ ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა. დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ამავე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს მის მიმართ არანაირი მტკიცებულება, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს.
ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და გაჩვენებთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასდროს ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ თქვენ არ გინახავთ თეატრი - ერთი რიგითი ჯარიკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი.
თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს" - თქვა დავით დოიაშვილმა.