აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა თანამდებობა დატოვა.
ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს.
ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა დონალდ ტრამპის სავარაუდო მცდელობას, გავლენა მოეხდინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, თავის სასარგებლოდ. საუბარია 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმს. მაშინ ტრამპმა უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე. კაპიტოლიუმზე შტურმის დროს 5 ადამიანი დაიღუპა.
როგორც იუწყებიან, ჯეკ სმიტმა გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მდივან მერიკ გარლანდს და გადასცა საბოლოო ანგარიში არჩევნებში ჩარევის მცდელობისა და საარჩევნო სისტემისთვის ძირის გამოთხრის საქმეზე.
ჯეკ სმიტი, რომელიც სპეციალურ პროკურორად 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა, ასევე ხელმძღვანელობდა საქმეზე დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვაზე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში.
2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, სპეციალურმა პროკურორმა სასამართლოს არჩეული პრეზიდენტის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა. მისი თქმით, იგი ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკა არ გულისხმობს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას.
სასამართლომ დააკმაყოფილა სმიტის მოთხოვნა საქმეების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ სპეციალურ პროკურორს დაევალა საბოლოო საგამოძიებო ანგარიშების დაწერა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია გაასაჯაროვოს სპეციალური პროკურორის მიერ მომზადებული ანგარიშები, თუმცა ამის წინააღმდეგ ტრამპის ადვოკატები გამოვიდნენ. მათი მტკიცებით, ასეთი დოკუმენტების გამოქვეყნება ინაუგურაციამდე არ შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს და შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ძალაუფლების გადაცემის პროცესზე.
იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აპირებს გამოაქვეყნოს ანგარიშის ნაწილი, რომელიც ეხება კაპიტოლიუმის შტურმს.
ჯერჯერობით, ანგარიში არ გამოქვეყნდება, რადგან ტრაპის წინააღმდეგ აღძრული საქმის ერთ-ერთმა მოსამართლემ, ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ელინ ქენონმა გამოქვეყნება სულ მცირე 13 იანვრამდე გადადო.