დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უახლოეს კვირებში კიევში ჩავა, რათა განიხილოს უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, წერს Bloomberg.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტარმერის დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის ეწვევა ქვეყანას ბრიტანეთის პრემიერი.
Bloomberg-ის წყარო განმარტავს, რომ სტარმერის მოგზაურობა იგეგმება იმ ფონზე, როდესაც ევროპა მზადებას აძლიერებს ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების წინ.
Bloomberg აღნიშნავს, სტარმერის დაგეგმილი მოგზაურობა იქნება მისი პირველი ვიზიტი უკრაინაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ.
უკრაინაში ევროპული კონტიგენტის განთავსება, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების გარანტია, განიხილება მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა 7 დეკემბერს პარიზში.
2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Reuters-მა დაწერა, ანალიტიკოსებისა და წყაროების შეფასებებზე დაურდნობით, რომ ევროპის ჯარების რაოდენობა შესაძლოა, იყოს 40,000-დან 100,000-მდე, ხოლო ძალების უმეტესი ნაწილი შეიძლება შედგებოდეს ჯარებისაგან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა, რომ მან განიხილა სამშვიდობო მისიის განლაგების შესაძლებლობა ევროპელ ლიდერებთან და "არსებობს დადებითი სიგნალები".