ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) “ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ.
როგორც PACE-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.
PACE-ს განცხადებაში წერია, რომ ეს არის მონიტორინგის მისიის რეგულარული ვიზიტი და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ლეგიტიმაციის პოლიტიკური მხარდაჭერა ან თანხმობა იმათ პოზიციებზე, ვისაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ შეხვდებიან ზოგიერთ დაკავებულ დემონსტრანტს, რომელთა მიმართ წარდგენილი ბრალი და დაკავება შეშფოთებას იწვევს.
PACE აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლების ნაწილში.