უკრაინამ პირველი ტრანში 3 მილიარდი ევროს ოდენობით მიიღო იმ თანხიდან, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას G7-ის სესხის ფარგლებში გამოუყო, რომლის დაფარვასაც გაყინული რუსული აქტივები მოხმარდება.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
„დღეს ჩვენ უკრაინას ვაძლევთ 3 მილიარდ ევროს - ევროპული კონტრიბუციის პირველ გადახდას G7-ის სესხის ფარგლებში. ეს უზრუნველყოფს უკრაინის ფინანსურ საშუალებებს, რათა გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის და გადარჩეს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
საერთო თანხა, რომელსაც ევროკავშირი გასცემს G7-ის სესხის ფარგლებში, დაახლოებით 18 მილიარდ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სესხის პირველ ტრანშს უკრაინა 2025 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს პირველი ტრანშისთვის.
”ეს დახმარება, რომელიც არის G7-ის Extraordinary Revenue Acceleration (ERA)-ის ინიციატივის ნაწილი, დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებით, რაც ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად”, - თქვა მან.