ბიზნესმენი, თემურ ჭყონია, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულებისთვის მხარდასაჭერად მივიდა.
მისი თქმით, ახალგაზრდა თაობისთვის ის მუხლი, რაც მიყენებილი აქვთ, არ არის სასჯელი, ეს არის დაღუპვა.
"წესით ეს თემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს სადისკუსიოდ, ინტერვიუსაც არ უნდა ვიძლეოდეთ, რამდენი ხალხიც არ უნდა იდგეს აქ, იმიტომ რომ რის გამოც დღეს ადამიანების სასამართლო პროცესი მიდის, აპროტესტებდნენ, უფრო სწორად მხარში ედგნენ საქართველოს მომავალს და ამისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, რაც არ უნდა აგრესიული ფორმით გამოეხატა რომელიმე აზრი - ჩემთვის მიუღებელია და რაც შეეხება პროცესს, ის მუხლი, რაც მიყენებული აქვთ, ახალგაზრდა თაობისთვის ეს არ არის სასჯელი, ეს არის დაღუპვა, 19-20 წლის ადამიანს რომ მიუსჯი 7 წელს იმის გამო, რომ თვითონაც არ იცის რატომ უსჯიან და დარწმუნებულია სიმართლეში, ეს უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი პროტესტის გამოხატვის აგრესიული ფორმა.
როგორც მოქალაქე, მეც შეურაცხყოფილი ვარ, რომ არის ქვეყანა, სადაც ასეთი არაჰუმანური მიდგომებია და არ ვარგა არც ერთ შემთხვევაში," - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი.