გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე.
თუმცა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ იძლევა თანხმობას უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ მას პაკეტზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობა, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აპირებს, კვირებია დებატობს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ.
თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იარაღის ახალი პარტიით უკრაინის დახმარების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ბოლო თვეებში რუსეთის შეტევის დაჩქარების გამო ფრონტზე უკრაინის მდგომარეობა გაუარესდა და ამასთან, გაურკვეველია, განაგრძობს თუ არა აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
გერმანული გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ რეალურად ოლაფ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის დროს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, რათა ამით სოციალ-დემოკრატების პოტენციური ამომრჩევლების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
პაკეტი შედგენილია უკრაინული მხარის მოთხოვნის შესაბამისად.
მასში საუბარია (მაგრამ არ არის ცნობილი, იყო თუ არა გერმანული მხარე მზად ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად) კიდევ სამი IRIS-T ბატარეისა და ჩამჭრელი რაკეტების შესახებ, Patriot-ის დამატებითი ჩამჭრელების, ათი თვითმავალი ჰაუბიცისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის შესახებ.