ევროპის ქვეყნები მზად არიან დაიკავონ აშშ-ის ადგილი უკრაინის რუსული აგრესიისგან თავდაცვაში მხარდაჭერის კუთხით, თუ ვაშინგტონი ნაკლებად აქტიური გახდება ამ სფეროში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგება.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ხუთშაბათს, 9 იანვარს, „დოიჩე ველეს“ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე განუცხადა.
"რამშტაინი" იყო შესანიშნავი ფორმატი უკრაინის მხარდასაჭერად და ამერიკა ამ ფორმატის ნაწილია.
ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ არ გვაქვს რაიმე ნიშანი, რომ ეს ფორმატი არ გაგრძელდება. თუ ასე არაა, მოგვიანებით განვიხილავთ. ვფიქრობ, ევროპის ქვეყნებს სურთ ამ შემთხვევაში ეს ადგილი დაიკავონ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატს უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა კალასმა..
შეკითხვაზე, თუ რამდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით, კალასმა გაიმეორა: „ევროპის ქვეყნების მხრიდან ნამდვილად არის ნება, გააგრძელონ ეს [მუშაობა უკრაინის მხარდასაჭერად რამშტეინის ფორმატში]. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვნახავთ, რა გამოსავალს იპოვიან ისინი"
იმავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ უნდა იყოს სპეკულაცია უკრაინისადმი აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერის შესახებ.
„აშშ-ს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ევროპაში“, მაგრამ აშშ-ს ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთი გახდეს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ახალი [აშშ-ის] ხელმძღვანელობა მოვა, ისინი შეძლებენ სრული სურათის დანახვას", - დასძინა კალასმა.