საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყნებს თავის სუვერენულ საზღვრებზე თავდასხმის საშუალებას არ მისცემს. იუწყება Reuters
ბაროს თქმით, ასეთი თავდასხმები მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისგან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ აშშ შეიჭრება არქტიკულ კუნძულზე, რომელიც 600 წელზე მეტია, დანიის ნაწილია.
”აშკარაა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნები თავს დაესხან მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ვართ ძლიერი კონტინენტი”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გასული წლის ბოლოს, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ გვერდზე დაწერა, რომ გრენლანდიის ფლობა და მასზე კონტროლი "გადამწყვეტია".
7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა გრენლანდიის ან პანამის არხის გასაკონტროლებლად სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა „სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.
„არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით – ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრაპმა.
მისივე თქმით, სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, „მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს“.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას მასზე რაიმე იურიდიული უფლება. მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს თავისუფალი სამყაროსთვისაა. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე – შეხედეთ, დურბინდიც კი არ გჭირდებათ, გაიხედავთ და ჩინური გემები ყველგანაა, რუსული გემები ყველგანაა. ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს დანიის კუნძულის გრენლანდიის შეერთების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული ეკუთვნის მის მოსახლეობას.
„მინდა განვმარტო, რომ დანიის მთავრობის თვალსაზრისით, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, - თქვა ფრედერიკსენმა.