ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.
ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.
„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან”, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.