საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან - რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა - დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას“.
“რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.
ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.
დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი -ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, "ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.
დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.
ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.
სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!”, -წერს ანდრია ჯაღმაიძე.
მანამდე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, - სადაც ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობა იმართებოდა, - ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციას მარკეტინგის სფეროს სპეციალისტები მართავდნენ.
შელაპარაკება მოჰყვა დემონსტრანტების რეპლიკებს ტაძართან მდგარი მღვდლებისადმი და კითხვებს, რატომ ხუჭავს თვალს ეკლესია აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე. დეკანოზმა კეკელიამ თქვა, რომ იგი ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც. „ყველა, ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა წყეული იყოს “, - თქვა მამა შალვამ.