რომის პროკურატურამ იტალიელი კინორეჟისორის, პოეტისა და პუბლიცისტის, პიერ პაოლო პაზოლინის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიება მისი მკვლელობიდან 51 წლის შემდეგ განახლდა.
იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელსაც შესაძლოა მკვლელობის გარემოებების გარკვევისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს.
გამოძიების განახლების მოთხოვნით 2025 წლის ნოემბერში ადვოკატმა სტეფანო მაკონიმ მიმართა პროკურატურას. ის ლაციოს რეგიონის ჟურნალისტთა ორდენის, რეჟისორ დავიდე გრეკოსა და მწერალ ჯოვანი ჯოვანეტის ინტერესებს წარმოადგენს. შუამდგომლობა 2026 წლის მაისში შეივსო. მაკონის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალების შეგროვება მოხერხდა.
რეჟისორის მკვლელობის საქმე მე-20 საუკუნის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება და დღემდე დავის საგანია. გამოძიება რამდენჯერმე განახლდა, თუმცა მალევე კვლავ დაიხურა.
პაზოლინიზე თავდასხმა 1975 წლის 2 ნოემბერს, რომის მახლობლად, ოსტიაში მოხდა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პინო პელოსი დააკავა, რომელმაც თავდაპირველად დანაშაული აღიარა. პაზოლინი ღიად ჰომოსექსუალი იყო, პელოზი კი სექსმუშაკი.
პელოსის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1983 წელს ის პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ რეჟისორს სხვა პირები დაესხნენ თავს. მისი თქმით, თავდამსხმელებმა პაზოლინის „ბინძური კომუნისტი“ უწოდეს. პელოსი 2017 წელს გარდაიცვალა.