უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მხარესთან შეთანხმების ფარგლებში არ გაასაჯაროებს მონაცემებს, ოკუპირებული ოლეშკიდან თუ რამდენმა მცხოვრებმა გადაწყვიტა უკრაინაში დაბრუნება და რამდენი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოლეშკიში განხორციელებული ჰუმანიტარული მისია შესაძლოა, სხვა დასახლებებშიც გამოიყენონ, სადაც უკრაინის მოქალაქეები მსგავს პირობებში ცხოვრობენ.
„მინდა, ამ ინფორმაციას ყველა გაგებით მოეკიდოს, რადგან ის, რაც ოლეშკიში გავაკეთეთ, ჩემი აზრით, პოტენციური მექანიზმია, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია სხვა დასახლებებშიც, სადაც ჩვენი მოქალაქეები ამჟამად მსგავს პირობებში ცხოვრობენ“, - განაცხადა ლუბინეცმა.
ომბუდსმენის თქმით, ჰუმანიტარული კატასტროფა მხოლოდ ოკუპირებულ ოლეშკიში არ არის - მსგავსი ვითარებაა ხერსონის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლებასა და სხვა რეგიონებშიც.
ლუბინეცის განმარტებით, ევაკუირებულთა გადაადგილების მიმართულებების შესახებ ოფიციალური მონაცემები არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ გამოუქვეყნებია.
„ოფიციალურ მონაცემებს არც მე და არც რუსეთის მხარე არ დავასახელებთ. არ მინდა, ეს გადაიქცეს შეჯიბრებად - ვინ ვისთან უფრო მეტი ადამიანი გადავიდა. ეს ობიექტურობას ხელს არ უწყობს. თქვენ ნახეთ ჟურნალისტების, მათ შორის არაუკრაინელი ჟურნალისტების, ზოგიერთი შეტყობინება და, ვფიქრობ, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების გარეშეც შეგიძლიათ, თავად გამოიტანოთ დასკვნები“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ლუბინეცის ინფორმაციით, ოლეშკის მცხოვრებლებთან ერთად ევაკუირებულია 105 შინაური ცხოველი, მათ შორის ოთხი თუთიყუში.