2 ნოემბერს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაში ავიაიერიში მიიტანეს. დარტყმის სამიზნე სკოლა გახდა, სადაც მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
ზელენსკის ცნობით, დასახლებაზე დილიდან რამდენიმე საავიაციო იერიში განხორციელდა. თავდაპირველი დაბომბვის შემდეგ რუსულმა ძალებმა კიდევ ცხრა ავიაბომბით დაარტყეს ტერიტორიას, მათ შორის თავშესაფარს, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ამ დროისთვის ცნობილი 18 ადამიანის დაღუპვის შესახებ .
„ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ცნობილია 18 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულია ხუთი ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მიმდინარეობს ადამიანების ძებნა. ვითარება ძალიან რთულია. ჩართული არიან შეიარაღებული ძალები, მაშველები და სპეციალური სამსახურები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსულ მხარეს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ კომიშუვახაში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას ყოველკვირეულად სწორედ ამ სკოლაში იღებდა.
„ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს არც დეესკალაცია სურს და არც რეალური სამართლიანობა. ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს შეეძლო ეჩვენებინა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. ასეთი მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპირო სიგნალს აგზავნის - რუსეთი მკვლელობების გაგრძელებას აპირებს. ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება - ძლიერი და მკაცრი პასუხი რუსეთისთვის. ასევე საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა. სიცოცხლე უნდა დავიცვათ“, - - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.