აშშ-ში დღეს, 3 ნოემბერს, შუალედური არჩევნები იმართება, რომელთა შედეგებიც განსაზღვრავს, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს. არჩევნები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოცდად მიიჩნევა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე გავლენას მოახდენს.
არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100 წევრიდან 35-ს აირჩევენ. ამასთან, 36 შტატში გუბერნატორის არჩევნები გაიმართება.
ამჟამად რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. თუმცა, გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების კარგი შანსი აქვთ, ხოლო სენატში ძალთა ბალანსისთვის ბრძოლა უფრო დაძაბულია. Reuters-ის თანახმად, დემოკრატებმა ორივე პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად ოთხი ადგილი უნდა მოიპოვონ.
არჩევნების შედეგები აჩვენებს, რამდენად უჭერენ ამერიკელი ამომრჩევლები მხარს ტრამპის პოლიტიკას მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში. კამპანიის მთავარ თემებს შორისაა ცხოვრების გაძვირება, ეკონომიკური მდგომარეობა, ირანთან ომი და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა.
Reuters-ის ინფორმაციით, 2 ნოემბრის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე დაახლოებით 57 მილიონ ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული - ეს მაჩვენებელი 2022 წლის შუალედურ არჩევნებში ვადამდელი ხმის მიცემის საერთო რაოდენობას აღემატება.
დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ საკონგრესო კომიტეტების ხელმძღვანელობა, ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიება და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის გაძლიერება. თუმცა, პრეზიდენტი შეინარჩუნებს ვეტოს უფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ფართო უფლებამოსილებებს.
სენატზე კონტროლის დაკარგვა კი რესპუბლიკელებს გაურთულებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების, მათ შორის ფედერალური მოსამართლეებისა და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დამტკიცებას.
არჩევნების შედეგები ასევე გავლენას მოახდენს ორივე პარტიის სტრატეგიაზე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
აშშ-ში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს დაიხურება. წინასწარი შედეგები უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა კონკურენტულ ოლქებში ხმების დათვლასა და გამარჯვებულების გამოვლენას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.