3 ნოემბრის ღამეს რუსეთის იაროსლავის ოლქის ქალაქ იაროსლავლში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მონიტორინგის ტელეგრამარხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრააევმა განაცხადა, რომ რეგიონს დრონებით შეუტიეს. მას თავდასხმის შედეგებისა და ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“ , რომელიც იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახელითაც არის ცნობილი და რუსეთის ხუთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის შედის.
გამოცემის OSINT-ექსპერტმა ფოტოებისა და ვიდეომასალის შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ ხანძარი სწორედ ქალაქ იაროსლავლში მდებარე ამ საწარმოში გაჩნდა.
გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ღამის რეგიონში დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის საფრთხე გამოაცხადეს.
კომპანია „სლავნეფტს“, რომლის შემადგენლობაშიც იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შედის, ერთობლივად აკონტროლებენ „როსნეფტი“ და „გაზპრომ ნეფტი“.
ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს, საავიაციო ნავთს, ზეთებს, პარაფინსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.
საწარმო ნავთობპროდუქტებით ამარაგებს რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს, ასევე მოსკოვის ოლქს.
გარდა ამისა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებიც მოიხმარენ. კერძოდ, საწარმო საწვავით ამარაგებს რუსეთის სამხედრო ავიაციასა და სამხედრო ტექნიკას.