რამდენად მორალურად გაკოტრებული უნდა იყო, რომ მოახდინო იმ ქვეყნის რეაბილიტაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს ბომბავს? - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს. ის ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაში რუსეთის ძალების მიერ სკოლის შენობაზე თავდასხმას ეხმიანება, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა.
სობიჰას განცახდებით, მათ, ვინც რუსეთს კარს უღებს, უნდა ესმოდეთ, რომ კარს უღებენ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანების მკვლელობას კვლავ აგრძელებს.
"კიდევ ერთი ბარბაროსული და უკიდურესად ცინიკური რუსული თავდასხმა. რუსეთის სისასტიკეს საზღვრები არ აქვს, ხოლო ადამიანის სიცოცხლის მიმართ მისი ზიზღი ყოველგვარ მორალურ გამართლებას მოკლებულია.
ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაში რუსეთის ძალებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების გასაცემად იყენებდნენ, შემდეგ კი თავს დაესხნენ თავშესაფარს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ბომბებისგან თავის დასაცავად იმალებოდნენ. დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
და მაინც, მაშინ, როდესაც რუსეთი აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელების ხოცვას, ზოგიერთი ცდილობს მოსკოვთან ჩვეულ საქმიან ურთიერთობებს დაუბრუნდეს, თითქოს ეს სისასტიკეები მათი გადაწყვეტილებებისთვის სრულიად უმნიშვნელო იყოს.
მათ შორის არიან საერთაშორისო სპორტის წარმომადგენლებიც, რომლებიც რუსული გუნდების შეჯიბრებებში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ.
რამდენად მორალურად გაკოტრებული უნდა იყო, რომ მოახდინო იმ ქვეყნის რეაბილიტაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს ბომბავს? რუსეთის მიერ მოკლული ყოველი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მისი დროშა და სპორტსმენები საერთაშორისო სპორტულ არენებზე არ დაუშვან. მათ, ვინც რუსეთს კარს უღებს, უნდა ესმოდეთ, რომ კარს უღებენ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანების მკვლელობას კვლავ აგრძელებს.
რუსეთი იმსახურებს დაგმობას, იზოლაციასა და შესაბამის შედეგებს და არა საერთაშორისო ასპარეზზე პატივსაცემი სტატუსის დაბრუნებას. მისი დანაშაულები არ შეიძლება გამოეყოს მის დროშას, ეროვნულ ნაკრებებსა თუ საერთაშორისო ლეგიტიმაციის აღდგენის მცდელობებს.
მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები და უარყონ რუსეთთან ჩვეულ საქმიან ურთიერთობებზე დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა. არანაირი დათმობა სახელმწიფოსთვის, რომელიც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას აგრძელებს, და არანაირი რეაბილიტაცია პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე", - წერს სიბიჰა.