ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარდგინა.
ახალი შემზღუდავი ზომების დაწესების პარალელურად, ევროკომისია გამოდის ინიციატივით, სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირის სანქციების საფრთხეს საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უპასუხა ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციითა და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებით.
"ამჟამად ქარხანა ნავთობს, რუსეთის ნაცვლად, ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ", - აღნიშნულია სტატიაში.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რომელიც მიესალმა ევროკომისიის რეკომენდაციას.
"ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები და აღტყინებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული, რაც საბოლოო ჯამში დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება", - თქვა მან.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტით შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, თუმცა შემზღუდავი ზომების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 25 იანვარი განისაზღვრა.
მოგვიანებით "ბლექ სი პეტროლიუმმა" გაავრცელა განცხადება, რომ 23 აგვისტოდან ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო, რითაც წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.