ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა.
გორდულაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
ამის შემდეგ მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს სთხოვა დაკონკრეტებინა მხოლოდ რეზოლუციის მხარდაჭერას ედავებოდა ენმ-ს თუ ომის დაწყებაში დახმარებასაც - "თქვენი სამდურავი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ამოიწურება, თუ იმაზეც ვრცელდება, რომ დაეხმარნენ რუსეთს ომის დაწყებაში"?
ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ესენი არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძის პასუხის შემდეგ, ანა წითლიძე მას ჰკითხა, აბრალებდა თუ არა მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებას, რადგან იმ დროს სწორედ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი.
ანი წითლიძე: "საქართველოს ჩვენ ომს არ ვაბრალებთო, მივიღეთ ეს პასუხი და ბოლო კითხვა: სააკაშვილს თუ აბრალებთ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი?
არჩილ გორდულაძე: ბატონო მოსამართლევ, ეს კითხვა საერთოდ არ შეეხება მიმდინარე სარჩელს და ვთხოვთ, რომ მოიხსნას.
ამის შემდეგ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ გორდულაძემ უკვე გასცა პასუხი კითხვას, აბრალებდა თუ არა მოსარჩელე მხარე საქართველოს ომის დაწყებას. შესაბამისად, წითლიძის შეკითხვა სააკაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ მოიხსნა.