ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გადაწყვეტილებას მოჰყვა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს სასტიკ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას.
"ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების უმეტესობა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საბჭოთა პერიოდის საკამათო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებების შესაბამისად და იხსენებს, რომ არაერთხელ მოითხოვა ამ კანონის შეცვლა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კანონით.
ეს შემაშფოთებელი მოვლენები მით უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელიც არ უზრუნველყოფდა შესაბამის პირობებს, რომ ამომრჩეველს გაეკეთებინა ინფორმირებული, ზეწოლისა და დაშინებისგან თავისუფალი არჩევანი"
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად შეასრულოს ნაკისრი პირობები და ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ
ასამბლეა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან", - ნათქვამია განცხადებაში.