არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“. გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო არის სუვერენული და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის გუნდის თითოეული წევრის დამსახურება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ, მაგალითად, კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში. საოცარი თეზისი არსებობს, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იმავე მიმართულებით არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში, არა თბილისში, საქართველოში, არამედ ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, „დოგ“ ან რაიმე ამდაგვარი. რაც უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში ძაღლს ექმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.