ბიძინა ივანიშვილი ვერ მოდის პოლიციელების კორდონის გარეშე, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, - - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა.
გიგაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია.
„საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილი მოვა თუ არა, გაბედავს თუ არა აქ მოსვლას, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ მოდის. ის ვერ მოდის პოლიციელების კორდონის გარეშე. მას არ შეუძლია, რომ ქუჩაში ჩვეულებრივად გაიაროს და ესაუბროს ადამიანებს. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რა ჩაიდინა. მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ის ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია, რომელიც არის არალეგიტიმური. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მათ დღეს არ აქვთ უფლება შეკრიბონ პარლამენტი. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური იმიტომაც, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად აირჩნენ ეს ადამიანები და იმიტომაც, რომ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი. მათ არ ჰქონდათ უფლება ამ პარლამენტის შეკრების. დღეს ეს პარლამენტი რას იზამს, ვის აირჩევს და მინისტრს დაარქმევს თუ რამე სხვას ამ ადამიანებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს არის არალეგიტიმური“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.