ირლანდიაში, ნაფიცმა მსაჯულებმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი დამნაშავედ ცნო ქალის გაუპატიურებაში იუწყება Associated Press.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკგრეგორს დაზარალებულისთვის 250 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. საქმე განიხილებოდა სამოქალაქო და არა სისხლის სამართლის სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკგრეგორს პატიმრობა არ ემუქრებოდა.
ირლანდიელმა პროკურორებმა, რომლებიც თავდაპირველად აწარმოებდნენ გამოძიებას, გადაწყვიტეს მაკგრეგორისთვის ბრალი არ წაეყენებინათ და განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისი იყო სისხლის სამართლის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ირლანდიის სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ისევე როგორც სხვა ანგლო-საქსური სამართლებრივი სისტემების მქონე ქვეყნებში, უფრო დაბალი მტკიცებულების სტანდარტებია.
შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ქალის თქმით, მაკგრეგორმა გააუპატიურა და სცემა დუბლინში, სასტუმრო Beacon-ის პენტჰაუსში. ექსპერტიზამ მასზე სისხლჩაქცევები და ნაკაწრები დააფიქსირა.
სავარაუდო დაზარალებული, ნიკიტა ჰენდი მაკგრეგორისა და კიდევ ერთი კაცისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
საქმის პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ჰენდიზე სექსუალური ძალადობა 2018 წლის 9 დეკემბერს მოხდა. დანაშაულის ჩამდენი პირები კი კონორ მაკგრეგორი და ჯეიმს ლოურენსი არიან.