ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა პერმანენტული აქციების გაგრძელება, პარლამენტის დელეგიტიმაცია, „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა საპატიო თავმჯდომარედ, სამოქმედო გეგმის შემუშავება, დელეგაციის გაგზავნა დასავლელ მეგობრებთან და მხარდაჭერის გაძლიერება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:
1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციაზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;
2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;
3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა „სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა;
4. „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება;
5. „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, – წერს მამუკა ხაზარაძე.